სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის

სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური "აგენტების კანონპროექტი ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ გზას. ამის შესახებ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა.


„მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობა, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.


ჟურნალისტმა მას, ასევე ჰკითხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე, რაზეც მილერმა უპასუხა: „არ ვაპირებ რაიმე განცხადება გავაკეთო სანქციებზე, იმაზე თუ რას ვაპირებთ, ან რის გაკეთებას განვიხილავთ. ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვაქვს."


შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.