ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის ლიდერებს ვირტუალურად შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ონლაინ შეხვედრის განსახილველი საკითხი ჩინეთის სამხედრო და ეკონომიკური ძალების დაბალანსება იქნება.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნული ქვეყნებისა და შეერთებული შტატების კავშირს.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს, გააძლიეროს კავშირები მთავარ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რადგან ჩინეთი ატარებს უფრო მკაცრ საგარეო პოლიტიკას აზიასა და სხვა ქვეყნებში.
ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებითვე, შეხვედრაზე დაგეგმილია ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების გაზრდის ხელშესაწყობად შეთანხმების გამოცხადება.
ფსაკის ამბობს რომ მიზანი არის შეამცირონ ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებული შეფერხებები და კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა მხარეების თანამშრომლობისთვის და ისინი განიხილავენ პანდემიასთან ბრძოლის საერთო ძალისხმევას.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება რეგიონულ უსაფრთხოებასა და კლიმატის ცვლილებასაც.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, თვის ბოლოს, შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ასევე თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევიან. ეს იქნება მათი პირველი ვიზიტი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში.