8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და ყველაერი განიხილება.
რიკარდ იოზვიაკი ასევე იუწყება, რომ 7 მაისს ბრიუსელში ელჩების დონეზე გაიმართა დისკუსია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ე.წ. უცხოური „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს უკავშირდება.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, 27-დან 26 წევრმა შეშფოთება გამოხატა, - გამონაკლისი იყო უნგრეთი.
„უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს - 83 ხმით, მეორე მოსმენით კი - პირველ მაისს - ასევე 83 ხმით.
დარჩენილია მესამე, ფინალური მოსმენა.
შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.