პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. პოლიციამ აბაშიძე სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა. უცნობია, სად გადაიყვანეს ბლოგერი.
პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. ახლობლების ინფორმაციით, მას ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს.
ადგილზე იმყოფებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელთაც ბლოგერის სახლთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ. თავად უჩა აბაშიძეც კანონპროექტის აქტიური კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეა.
ადვოკატის განცხადებით, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედბები უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.
„იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა გამოძიება დაწყებული. ჯერ ექსპერტიზები დაინიშნება ამ იარაღზე და შემდეგ იტყვის გამოძიება, რომელიმე რეგისტრირებული იყო თუ არ იყო,“ - განაცხადა ადვოკატმა.