საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლერი ბარნაბიშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.
ლერი ბარნაბიშვილმა ამ თანამდებობაზე კონსტანტინე ანანიაშვილი შეცვალა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე ლერი ბარნაბიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ლერი ბარნაბიშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.