ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დასაშლელად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად.
მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეები მუშაობენ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვას ევროკავშირში.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება, რადგან რუსეთი არ აჩვენებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის ნიშნებს, ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს, კრემლის საფრთხეებს უპასუხოს.
„ომის ამ კრიტიკულ ფაზაში უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს. რუსეთი არ აჩვენებს შენელების ნიშნებს, ის გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს და ევროპა მზად უნდა იყოს უპასუხოს კრემლისგან მომდინარე საფრთხეებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ,“ - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.
მისი თქმით, რუსეთს სურს დაბრუნება წარსულში, სადაც არ არის დემოკრატია, თავისუფლება და სიმართლე.
„მეტი უნდა გავაკეთოთ პუტინის ომის მანქანის გასანადგურებლად და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად,” - განაცხადა მეცოლამ და დასძინა, რომ პარტნიორებმა უკრაინას მისთვის საჭირო თავდაცვის სისტემები უნდა მიაწოდონ, რადგან ”მხოლოდ ვაჟკაცობა არ არის საკმარისი.”
შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა კიევში გუშინ ჩავიდა, სადაც ქალაქებისა და რეგიონების მეორე საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა.