ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.
როგორც დეპარტამენტი წერს, საქართველოში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შეხვდება, რათა გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილის მიმართ, ჰქონდეს მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავალი.
პირველ მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიმს ო'ბრაიენი ქართველ დეპუტატებს „კრემლის მიერ შთაგონებულ“ “უცხოური გავლენის” კანონპროექტსა და მის ნეგატიურ გავლენაზე ესაუბრა.
4 მაისს მან მორიგი კომენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა.
„რა არის სასწორზე? ეს შეუძლებელი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, - არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ. რისი იმედიც გვაქვს და რაც გვინდა, დავინახოთ, არის ის, რაც გუშინ ბატონ კოოპმანთან (ევროკომისიის გენერალური დირექტორი, რედ.) ითქვა, რომ დაიწყებენ ჩვენთან საუბარს იმაზე, თუ როგორ მოიყვანონ ეს კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა იმავე დღეს გავრცელებულ ინტერვიუში „ამერიკის ხმასთან.“
„კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რომ თქვენ ის განიხილოთ როგორც კლემლის მხარეს მდგომი?“ ჟურნალისტის ამ შეკითხვას ამერიკელმა დიპლომატმა შემდეგი პასუხი გასცა:
- „ჯერ კიდევ არის დრო, რომ ამ კანონზე ერთობლივად ვიმუშაოთ, გავაკეთოთ ის, რაც ქართველ ხალხს და მთავრობას ერთად სურს. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ვითარებას შევაფასებთ. მაგრამ ჩვენ ჯერ აქ არ ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვართ, სადაც შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ.“
ჟურნალისტმა ჯეიმს ო'ბრაიენს ასევე ჰკითხა შესაძლო კოორდინირებულ ზომებზე: „ესაუბრებით ევროპელ პარტნიორებს? მაგალითად ვიხილეთ რომ სანქციები დაუწესეთ ბატონ ფარცხალაძეს, თუმცა ევროპელებს იგივე ნაბიჯი არ გადაუდგამთ. საქართველოს საკითხზე ევროპელ მოკავშირეებთან ერთად თანხვედრაში მოქმედებთ?“
„დიახ და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვანაირად. ევროკავშირი საკანდიდატო პროცესის დაწყებისას, საკმაოდ დიდი თანხის გაცემას განიხილავს. ეს თანხები დაკავდება, ეს მათი ინსტრუმენტია. ჩვენი ინსტრუმენტები განსხვავებულია და ჩვენ მათ გამოვიყენებთ, როცა ეს იქნება საჭირო. მაგრამ ჯერ იქ არ ვართ. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რომ ვსწავლობთ როგორ ვიმუშაოთ ერთად ამ ახალ გარემოში, როცა საქართველომ თქვა, რომ სურს გაწევრიანდეს ამ კლუბებში, [ევროკავშირსა] და [NATO-ში],“ განაცხადა ბლინკენის თანაშემწემ.
ბოლო გზავნილი ვაშინგტონიდან ასეთია: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს.