აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნეს, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „კიდევ ერთხელ გაიწვიოს შემოთავაზებული მავნე კანონპროექტი.“ კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ თომას მაკკოლი და ამავე კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის მაღალი რანგის წევრები, თომას კინი და უილიმ კიტინგი და სხვა - სულ 25 კონგრესმენი.
„გწერთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონს გამო, რომელიც თქვენმა მთავრობამ კვლავ შეიტანა განსახილველად ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ის სამართლიანად უკან გაიწვია. ეს კანონპროექტი “ძირეულად ეწინააღმდეგება” საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებრიობაში შემდგომი ინტეგრაციის და აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს, თქევენს ქვეყანაში რუსეთის ჯარს შემოჭრიდან რამდენიმე თვეში გაფორმებული ქარტიის სულისკვეთებას,“ წერენ კონგრესმენები.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია მოცემული.
აშშ-ის კანონმდებლები ამ წერილში უარყოფენ მოსაზრებას, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა. წერილის ავტორების მოსაზრებით, საქართველოში ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს „რუსეთის დამღუპველი გავლენის გაფართოებას.“
კონგრესმენები წერილში საუბრობენ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაზე 29 აპრილს და წერენ, რომ ივანიშვილმა მიანიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები ევროპაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის მანძილზე. კონგრესმენები წერილში გმობენ „ბატონი ივანიშვილის შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.“
კონგრესმენები ასევე გამოთქვამენ მზარდ შეშფოთებას კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ მთავრობის რეაქციის გამო, მათ იციან აქციების „მონაწილეთა, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების პოლიციის მიერ ქუჩიდან გატაცების და ცემის შესახებ.“
კონგრესმენებს მოჰყავთ რუსეთის მთავარი პროპაგანდისტის და ფაშისტი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის განცხადება, რომ „საქართველო სწორ გზას ადგას“ და წერენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ. „საქართველოში ვითარება ცხადია, მთავრობას შეუძლია, შეისმინოს ქართველი ხალხის, ან გააგრძელოს ბნელი გზით სვლა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ,“ წერენ კონგრესმენები.
„ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, ამ უკანასკნელი გზის არჩევა აიძულებს აშშ-ს, ძირეულად გადახედოს ჩვენი ურთიერთობის ხასიათს“... ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებებს ლახავს, რის შემდეგაც, წერენ ისინი, „მოხარული ვიქნებით მოვაწყოთ პირდაპირი მოლაპარაკება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურებისთვის.“
„იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ იქნება გაწვეული, შევუერთდებით ჩვენს კოლეგებს სენატში და მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას“, ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო აკრძალვის გაფართოების და მათ მიმართ ფინანსური სანქციების ჩათვლით, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებას ძირი გამოუთხარა,“ წერენ ამერიკელი კონგრესმენები.