28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საბავშვო ბაღები დაიხურება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლოს.

თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.