პრეზიდენტი მმართველ გუნდს: ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ შევალ ამ თამაშში, რომ ეს კანონი „გავაპატიოსნოთ“, გადაიტანეთ მისი ამოქმედების ვადა ნოემბრისთვის

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გუშინ, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და რუსულ კანონს. სალომე ზურაბიშვილის შეფსებით, ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის.


„ამას ვერ შეცვლის ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა  - ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ სერიოზული, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო აქციაზე. არანაირი დათვლა არ არის საჭირო - ყველას წინაშე წარდგა საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ აჩვენა დაბნეულობა და ის, რომ ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია არ აქვს - თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა აღარ აქვს - ტყუილი, მანიპულაცია, რაღაც მიხრა- მოხრა, რათა გაუეგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება.


ტყილს მიჩვეულნი ვართ - ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს და დაიფიცეს, რომ არასდროს აღარ შემოიტანდნენ, თუმცა ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც არავის სჭირდებოდა, მათ შორის - არც თვითონ - მხოლოდ იმისთვის, რომ „ჩვენ რაც გვინდა იმას ვაკეთებთ, არავის ვემორჩილებით,“ და აგერ პასუხი საზოგადოებისა. მანიპულაცია არის, როცა ერთი ხელით რაღაც ცვლილებაზე საუბრობ და მეორე მხრივ, რაც ახლაც გავიგეთ პრემიერის სიტყვებით - ძალადობა, დაშინება, ტერორი, დაპატიმრება სრულიად უდანაშაულო ადამიანების - ვერავის დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ, თქვენ თვითონ არ გჯერათ ამის,“ განაცხადა პრეზიდენტმა.


მან მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ოპონენტების მისამართით წარმოთქმულ „წარმოუდგენელ შეურაცხყოფას“ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა უწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავად არიან შეშინებულები.


როგორც ჩანს, ისიც ვერ გაიგეთ, რომ „ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომლებიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო (პრეზიდენტის ბრიფინგამდე პრემიერის პრესკონფერენცია გაიმართა, რედ.) - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მან პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაც შეაფასა.

„გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი, ამ ქვეყნის ჯარის წინაშე პრემიერმა მოღალატე ეძახა, რაც ნებისმიერ სახელმწიფოში წარმოუდგენელია. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ ვეტო წარმოგვიდინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ - „თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ და შეიძლება, დავფიქრდეთ.“

იფიქრეთ თქვენ და იყავით მე ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი, რომ ხალხში დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მმართველ გუნდს რამის შეცვლა სურს, კანონი უნდა გაიწვიოს ან დააბრუნოს მეორე მოსმენაზე, სადაც ოპოზიცია შესთავაზებს ცვლილებებს და შენიშვნებს.


„ან ძალიან მარტივი - თქვენ თვითონ, გთავაზობთ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის - როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსული არის თუ სხვა კანონის გადამღერება. ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ ეს კანონი „გავაპატიოსნოთ.“ არა - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ - თქვენც ამ კანონთან ერთად,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მან მიმართა სამართალდამცავ სტრუქტურებს.

„მინდა, მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა, მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ასე რომ ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. ტყუილად არის. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებიც გააფრთხილა, რომ „არის გეგმები, რომ პროვოკაციებიც მოაწყონ.“

მან მოუწოდა სიფრთხილისკენ, რომ „ისინი პროვოკაციებში არ გამოიწვიონ.“



11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.