ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ლიეტუვაში კვირას საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, გამარჯვების საუკეთესო შანსები აქვს მოქმედ პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, რომელიც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია რუსეთ-უკრაინის ომში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20 საათზე იხურება (თბილისის დროით 21 საათზე). კენჭისყრის შედეგები სავარაუდოდ შუაღამისთვის გახდება ცნობილი.


თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს, რაც პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, 26 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველ ტურში პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ნაუსედას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბანკის ეკონომისტი იყო წარსულში, ამომრჩეველთა 29% უჭერს მხარს. მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია 49 წლის ინგრიდა შიმონიტეa, მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რომელიც 2019 წლის არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა. კიდევ ერთი პრეტენდენტი არის იგნას ვეგელე, პოპულისტი იურისტი, რომელმაც პოპულარობა COVID-19 პანდემიის დროს მოიპოვა იმით, რომ ეწინააღმდეგებოდა შეზღუდვებსა და ვაქცინებს.


პარალელურად იმართება რეფერენდუმი, რომლის დროსაც, მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას - უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ასობით ათასმა ლიეტუველმა ორმაგი მოქალაქეობის მიღება შეძლოს.