„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე. აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. 13 მაისს, დილით, მმართველ გუნდს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა აქვს დაგეგმილი.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ. პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, ასევე პარლამენტის უკანა შესასვლელში. მანამდე კი, ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს.
გარდა ამისა თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზეა განლაგებული წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, სპეციალური მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან.
ცნობისთვის, მიმდინარე პროცესების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
-
ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს
-
სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.