„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ, სამართალდამცველებმა 6 ადამიანი დააკავეს.
აქტივისტები „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ გამოძიება ამ შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის ინფორმაციით,5 მოქალაქე სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ხოლო ერთი ხულიგნობისთვის დააკავეს.
დაკავებული არიან: ნიკა ნარსია, კახა კვეკვესკვირი, ბექა პაპაშვილი და რამაზ აივაზაშვილი. აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით წინ გადაუდგნენ. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, აქტივისტები ცდილობდნენ გზის სავალ ნაწილზე დამსხდარიყვნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.
ამასთანავე, დღეს, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.