შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კანონს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ ეს გააძლიერებს შეერთებული შტატების ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შეამცირებს და საბოლოოდ აღმოფხვრის რუსეთზე დამოკიდებულებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში.
„ახალი კანონი აღადგენს ამერიკის ლიდერობას ბირთვულ სექტორში. ის ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომავალი თაობებისთვის და უპრეცედენტო 2.72 მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსებით, რომელიც კონგრესმა ახლახან გამოყო პრეზიდენტის მოთხოვნით, ის შეერთებულ შტატებში გამდიდრების ახალ შესაძლებლობებს გაააქტიურებს და მკაფიო გზავნილს გაუგზავნის ინდუსტრიას, რომ მზად ვართ გრძელვადიანი ზრდისთვის ჩვენს ბირთვულ სექტორში“, - აღნიშნა სალივანმა.
ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი ძალაში 90 დღეში შევა.