ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა. შესაბამის ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.


ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამჟამად აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა.

„საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.


14 მაისის 17:15 საათისთვის შსს მიერ გაცემულია მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა.


შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


მანამდე შსს-მს გაავრცელა განცხადება, რომ „საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.“


„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს,“ წერდა შსს.