შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი.
პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები.
შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომ აქცია ჩაეტარებინათ მშვიდ ვითარებაში, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით ისვროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგანებსა და საღებავებს.
ასევე, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები განათავსეს საავტომობილო გზაზე.
პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ დაზიანებული დამცავი რკინის ღობე აღდგენილია და აქციის მონაწილეებს აქვთ საშუალება პროტესტი გამოხატონ პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე კანონით დადგენილი წესით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,” - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს გავრცელდა ინფორმცია, რომ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან, დაკავებულებს შორის ერთ-ერთია 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. მის დაკავებას გრიგორიადისის დედა ადასტურებს.