ირანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ავიაკატასტროფაში ასევე დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, რამდენიმე სხვა პირთად ერთად. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი და ტექნიკოსი.


ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს.


ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.


ახალი პრეზიდენტის არჩევნები უახლოეს 50 დღეში გაიმართება. ირანის პრეზიდენტის სიკვდილის გამო ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.


ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში პრეზიდენტი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის შემდეგ. ირანის დღევანდელი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეია. ებრაჰიმ რაისს მიიჩნევდნენ აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში.


რაისის პრეზიდენტობისას ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთთან და ისრაელთან, რომელსაც თეირანი მოსისხლე მტრად მიიჩნევს.


ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსები ებრაჰიმ რაისის მოიხსენიებენ „თეირანის ჯალათად" 1988 წელს, პოლიტპატიმრების სიკვდილით მასობრივად დასჯაში თავისი როლის გამო. იმ პერიოდში რაისი თეირანის პროკურორის მოადგილე იყო. მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 1989 წლიდან, როცა ხამენეი გახდა ირანის უზენაესი ლიდერი.

19 მაისს, ირანის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დარჩა ცოლი ჯამილე ალამოლჰოდა და ორი ქალიშვილი.