აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ მთავრობას უარს იტყვის მზარდ ანტი-დასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებების კუთხით უკუსვლას.
შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს სავარაუდოდ, ამ კვირაში წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება.
ამერიკულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი, რომელსაც Politico გაეცნო, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს.
ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის, „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია.“
თუმცა პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რისი მინიმალური დასტურიც იქნება სამართლიან, და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო.“
Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელსაც ჯო უილსონი ამერიკის კონგრესში წარადგენს, ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
- რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)