ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას, აშშ კატეგორიულად არ ეთანხმება. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ განცხადებას, რომ ის „ჰამასის“ ტერორისტებთან ერთად ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერებსაც მოითხოვს, კატეგორიულად უარყოფს,“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე აშშ-მ ნათლად აჩვენა ის, რომ ამ საკითხში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ აქვს და იგი წევრი სახელმწიფოების მიერ შეიქმნა, როგორც შეზღუდული იურისდიქციის მქონე სასამართლო.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სასამართლოს წევრი არ არის, იგი პროკურორთან თანამშრომლობისთვის მზად იყო და მომავალ კვირას პროკურორი ისრაელში გამოძიების განსახილველად უნდა ჩასულიყო.
„ჩვენ პროკურორის მიერ ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივებას უარვყოფთ. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა განახორციელა და დღემდე ათობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები, მძევლად ჰყავს,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიენტის შეფასებით, აღმაშფოთებელია სისხლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოთხოვნა, გაიცეს ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერი.
„ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა: რაზეც არ უნდა იძლეოდეს მინიშნებებს ICC-ის პროკურორი, შეუძლებელია ტოლობის ნიშნის დასმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის მხარეს და ვიბრძოლებთ მისი უსაფრთხოებისთვის.“
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა 20 მაისს განაცხადა, რომ სურს, დაპატიმრების ორდერები გაიცეს ისრაელის ლიდერებზე, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ჩათვლით, ისევე, როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის ხელმძღვანელებზე. ორდერების მოთხოვნა უკავშირდება ქმედებებს შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში.
მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის აზრით, ნეთანიაჰუ, მისი თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი და ჰამაასის სამი ლიდერი - იეჰია სინვარი, მოჰამედ დეიფი და ისმაილ ჰანიე - პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ღაზის სექტორსა და ისრაელში.