Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი ვაშინგტონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის კონფერენციაზე: საჭიროა ინვესტიციები საქართველოს პორტების განვითარებაში

Wondernet Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა ვაშინგტონში, Cosmos Club-ში, მე-8 წლიური ტრანსკასპიური ფორუმის პანელში მიიღო მონაწილეობა.


დასკვნით პანელზე მოხსენებისას მამუკა მურჯიკნელმა აღნიშნა, რომ შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა გამტარუნარიანობის გაზრდას საჭიროებს. ამასთან, ტრაფიკის მიუხედავად, მარშრუტის განახლება შეფერხებულია.


„ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალური აზია ვითარდება და ახალი ობიექტები, რომლებიც იქ აშენდება, საკვანძო პორტებისთვის გაზრდილ გამტარუნარიანობას საჭიროებს,“ აღნიშნა მურჯიკნელმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ინვესტიციები საქართველოსა და აზერბაიჯანის პორტების განვითარებაში. „განსაკუთრებით საქართველოში, მოთხოვნა მზარდია და ღრმა საზღვაო პორტის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - აღნიშნა მურჯიკნელმა.


ცნობისთვის, როგორ განვავითაროთ შუა დერეფანი - ეს ვაშინგტონში, Cosmos Club-ში, მე-8 წლიური ფორუმის თემა იყო, რომელსაც კასპიის პოლიტიკის ცენტრმა (CPC) კასპიის რეგიონის საელჩოებთან პარტნიორობით უმასპინძლა.


ღონისძიებაზე ძირითადი დაინტერესებული მხარეები შეერთებული შტატებიდან და კასპიის რეგიონიდან შეიკრიბნენ, რათა განეხილათ და შეემუშავებინათ სტრატეგია, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს კავშირი და ვაჭრობა შუა დერეფნის გასწვრივ, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპასთან, ჩინეთთან და სამხრეთ აზიასთან აკავშირებს.


დასკვნით პანელზე - როგორ ვაკეთოთ ბიზნესი უკეთესად შუა დერეფნის გასწვრივ, ხაზი გაესვა წარმატებულ ბიზნეს პრაქტიკას და შესაძლებლობებს რეგიონში. დისკუსიის მოდერატორი, კასპიის პოლიტიკის ცენტრის საბჭოს წევრი, დოქტორი ერიკ რუდენშილდი იყო. დისკუსიას ესწრებოდნენ BP America-ს ვიცე-პრეზიდენტი რობერტ შეერი; Wondernet Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი; Dechert LLP-ის პარტნიორი ლორა ბრენკი და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის მთავარი ოპერაციული ოფიცერი იუჯინ სეია.


დასკვნითი პანელის მომხსენებლებმა საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანზიტისთვის კასპიის რეგიონის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე სამართლებრივი ბარიერი, რომლებიც კერძო სექტორისთვის ახალი შესაძლებლობების გასახსნელად უნდა გადაილახოს.