საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმიისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
ის დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. „ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა,“ იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.
22 მაისს თეირანში, ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და 19 მაისს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სხვა ოფიციალური პირების დაკრძალვის ცერემონიას ესწრება უცხოეთის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და ავღანეთის თალიბანის ხელისუფლების დელეგაცია.