ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტი 15-18 მარტს იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
16-17 მარტს ტოკიოში, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინ აშშ-იაპონიის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრას დაესწრებიან, რომელსაც იაპონიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები უმასპინძლებენ.
მდივანი ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას ორმხრივ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ის ასევე შეხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-იაპონიის ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას. ასევე განიხილავენ COVID-19-ის ეკონომიკურ გავლენას.
17-18 მარტს მდივანი ბლინკენი და მინისტრი ოსტინი სეულში მინისტერიალს ("2 + 2") დაესწრებიან.
ის ასევე ვირტუალურად შეხვდება კორეის ახალგაზრდულ ლიდერებს და ვირტუალურ მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს.