ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 29 მაისიდან არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით.“
29 მაისიდან, ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ, ან სასწავლებლად.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა, ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.