საგარეო უწყება რუსეთის მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ჰიბრიდული ომის გამოხატულებად აფასებს

"სახეზეა რუსეთის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში", - საქართველოს შესახებ რუსეთის მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გამოეხმაურა.

როგორც ვახტანგ მახარობლიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.

„საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას“, - აღნიშნავს ვახტანგ მახარობლიშვილი.

მახარობლიშვილის თქმით, მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც, მისი თქმით, ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

„ამჯერად რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან აქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება და ბოლო წლებში მართლაც უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და განუხრელ სვლას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ“, - ნათქვამია ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს შესახებ მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, აშშ-ში "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოები არიან. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.