აშშ უკრაინისთვის დაახლოებით $300 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს - AP

AP News-ის ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომლის შესახებაც ხვალ გამოაცხადებენ.


ეს იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების მეოთხე ტრანში მას შემდეგ, რაც გასული თვის ბოლოს, კონგრესმა უკრაინის საგარეო დახმარების კანონპროექტი მიიღო. სააგენტოს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს დახმარება ესაჭიროებათ რუსეთის შეტევის შესაჩერებლად ხარკოვის რეგიონში.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ პაკეტში შედის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) და 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები.

უკრაინამ შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების მიღება ახლახან დაიწყო მას შემდეგ, რაც კონგრესმა რამდენიმე თვე ვერ შეძლო კიევისთვის დახმარების კანონპროექტის კენჭისყრა.