ე.წ. „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს,“ - ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩვენს ასოცირებულ წევრ საქართველოსთან რამდენიმე დღეში 25 წელი უსრულდება. ამ ურთიერთობის მნიშვნელობა ასახულია საქართველო-NATO-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და NATO-ში გაწევრიანების სწრაფვის მიმართ. ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ პირობით, რომ NATO-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში.
თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები NATO-ს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება.
„ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს.
კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს შეფასებით, საქართველო გზაჯვარედინზე დგას.
„საქართველო გზაჯვარედინზე დგას. თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ, აჩვენონ, NATO-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს მზადყოფნა მომავალში, ისინი უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას.
ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა უნდა გაიწვიონ. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო - ევროკავშირსა და NATO-ში. მათ ეს კანონპროექტი მამაცურად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათი მისწრაფებებს მხარდაჭერას. გავაგრძელებთ დიალოგს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.