სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს ვეტო

 

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე დადებული ვეტო. საკითხი დღეს, 27 მაისს, განიხილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ლევან იოსელიანიც ესწრება.

„ჩემი აქ მოსვლის მიზანი და მიზეზი არის მხოლოდ ერთი - გამოვხატო და გავაჟღერო ის პოზიცია, რაც სახალხო დამცველს აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. მოვედი სიმართლე გითხრათ, კიდევ იმიტომ, რომ ის სიტუაცია, რაც დღეს არის ქვეყანაში, ის დაძაბულობა საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც თითქმის ორი თვეა თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


მანვე აღნიშნა, რომ ლეგიტიმურია ხელისუფლების მიზანი, უცხოეთიდან შემოსულ თანხებზე გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი დააწესოს, თუმცა ამის მიღწევა სხვა კანონებში ცვლილებების შეტანითაც შესაძლებელი იყო.

„ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს. ამიტომ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე და გადაავადოს და გაჩნდეს სივრცე სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანაზე... ჩემი აზრით, ხშირად უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი იყოს,“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჰკითხა, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ვეტოს პროცედურის ფარგლებში ისეთი შეთავაზება წარედგინა პარლამენტისთვის, რომლითაც სხვა კანონში ცვლილებების შეტანა გახდებოდა შესაძლებელი.

„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა დისკუსიის სივრცეს. სამწუხაროდ, ის, რაც არის წარმოდგენილი, ამ სივრცეს არ იძლევა და სწორედ ეს არის ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანი და პარლამენტმა თავისი მოქმედებით - ვეტოს არდაძლევით - შეძლოს ამ დისკუსიის სივრცის გაჩენა,“ - უპასუხა ანრი ოხანაშვილს ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლების ცნობით.