ჩეხეთის პრეზიდენტმა, რუსული ვაქცინის გამო, ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლება მოითხოვა

ჩეხეთის პრეზიდენტმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამო, ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის აზრით, ქვეყანა უნდა დაელოდოს რუსული ვაქცინის რეგისტრაციას ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ზემანი კი მიიჩნევს, რომ ვაქცინა ბაზარზე უნდა დაიშვას ეროვნული ხელისუფლების მიერ.

„Parlamentní listy“-ისთან ინტერვიუში ზემანმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ქვეყნის ბაზარზე რაც შეიძლება მალე უნდა დაუშვან რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინები.

მისი თქმით, ბაზარზე ვაქცინების დაშვების შეყოვნებით, ბლატნის და მას დაქვემდებარებული წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორს, ირენა სტოროვას მოქალაქეების სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ბლატნი და სტოროვა თვლიან, რომ პრეპარატები უნდა დაამტკიცოს ევროკავშირმა. როგორც ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო წერს, თვითონ პრეზიდენტიც ასე ფიქრობდა, თუმცა, ზემანმა აზრი შეიცვალა და ამბობს, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის მსგავსად, შეიძლება ჩეხეთმა თვითონ გასცეს ვაქცინების გამოყენების ნებართვა.

თებერვლის ბოლოს, ზემანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სთხოვა Sputnik V-ის მოწოდება. მან Parlamentní listy-ს უთხრა, რომ ჩეხეთმა მიიღო წინადადება გერმანიასთან ერთად ვაქცინის წარმოების შესახებ.