„ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანია Ramboll განახორციელებს

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო კომპანია „რამბოლი“ (Ramboll) განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი ავრცელებს.

“რამბოლი“ მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1945 წელს დანიაში დაარსდა. მას ჰიდროენერგეტიკის სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკის ყველა ასპექტს, მაშ შორის - ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთა მომზადებასა და აუდიტს.

კომპანია „რამბოლი“ დამოუკიდებელი კონსულტანტის როლში განიხილავს პროექტის შესაბამისობას არსებულ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან. იგი პირველი კლასის ევროპული ფინანსური ინსტიტუტის სახელით მოქმედებს. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ სტაბილურობას, ასევე იღებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას, რომელიც როგორც სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ასევე უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობას ეხება.

ნამახვანის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის კუთხით დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობა საერთაშორისო ნდობის კიდევ ერთი დასტური და გარანტიაა იმისა, რომ ინვესტორი კომპანიის გსზშ (გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების) ანგარიში, ისევე, როგორც ნებართვები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით - ეკვატორის პრინციპებს (Equator Principles)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.