უკრაინამ, გერმანიამ და საფრანგეთმა დონბასის გეგმა შეიმუშავეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ "ნორმანდიის ფორმატის" ფარგლებში, უკრაინამ, გერმანიამ და საფრანგეთმა შეიმუშავეს დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ახლა ქვეყნები რუსეთის რეაგირებას ელოდებიან. უკრაინა მოელის, რომ მოსკოვი გამოცხადებს „მზადყოფნას ომის შეწყვეტის და ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში რეინტეგრაციის, ასევე დატყვევებული უკრაინელი მოქალაქეების განთავისუფლების შესახებ“.

უკრაინის მთავრობა გამოდის წინადადებით, გაფართოვდეს ეუთოს მისიის შესაძლებლობები დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის მხრივ.

ერმაკის თანახმად, ამ ეტაპზე გეგმა წარმოადგენს სხვადასხვა ელემენტის ნაკრებს, რომლებიც შეთანხმების შემთხვევაში აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მოწესრიგების გზამკვლევს დაედება საფუძვლად.

უკრაინის მხარე იმედოვნებს, რომ შეძლებს დოკუმენტი განიხილოს ე.წ. "ნორმანდიის ფორმატის" ჩარჩოებში, ანუ გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის მონაწილეობით.

ამ დროისთვის, შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.