რუსეთი უკრაინის საზღვართან კიდევ 200 000 - 300 000 ჯარისკაცის განლაგებისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ახალ შეტევას გეგმავს.
მინისტრის განმარტებით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ახლოს ახლა 500 000 ჯარისკაცი ჰყავს.
”მათი მიზანია ჩრდილოეთში ახალი ფრონტის გახსნა, რათა დაიწყონ მთელი ცოცხალი ძალის გამოყენება ჩვენ წინააღმდეგ, მათი მიზანია ერის განადგურება,“ - აღნიშნა უმეროვმა.
უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაპირებული სამხედრო დახმარებისა და მისი პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის მხოლოდ ნახევარი მიიღეს დროულად.
„ჩვენ გავუძლებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, გვჭირდება მეტი ძალა, გვჭირდება შორი მანძილის რაკეტები, რათა მათ (რუსებს - რედ.) არ მივცეთ საშუალება, შემოვიდნენ ჩვენს სახელმწიფოში,“ - განაცხადა უმეროვმა. უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლიერია მისი პარტნიორების მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარებისა და იარაღისთვის, თუმცა განაცხადა, რომ ყოველი დაგვიანებით მხოლოდ რუსი ოკუპანტები სარგებლობდნენ.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეებისადმი ონლაინ გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მოუწოდა მეზობელ ქვეყნებს, დაკეტონ ცა უკრაინის თავზე.