ბელორუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
დღეს მინსკში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ბელარუს კოლეგას, სერგეი ალეინიკს შეხვდა.
„ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით რეაქტორების მშენებლობისას ბელარუსის მიერ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ,“ - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
მან ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.
„აღშფოთებული ვარ განცხადებებით იმის შესახებ, რომ ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარისკაცებს აგზავნიან,“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.