უკრაინა საქართველოს პრემიერის განცხადებას გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის არამეგობრულ განცხადებებს და მის დამახინჯებულ შეფასებებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.“ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„უკრაინისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაურის ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან დაკავშირებული განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია.


არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ, მხოლოდ რუსეთია, რომელიც მოღალატურად თავს დაესხა ჩვენს მიწას, პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. სამაგალითოა, რომ სიტყვა “რუსეთი” საქართველოს ოფიციალური პირის განცხადებაში ერთხელაც არ იყო ნახსენები.


სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა. რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებენ და უკრაინას საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ.


უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებისთვის მისწრაფებების მხარდაჭერას,” - წერია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „უკრაინა დღეს ჩამოქცეულია.“

„რაც შეეხება პარალელს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის - მინდა, ყველას ვუთხრა, რომ საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება. შეგახსენებთ, უკრაინისთვის მაიდნის შედეგები რა იყო. მაშინ, რეალურად, უკრაინის ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ჯერ ერთხელ და მერე მეორედ. საბოლოო ჯამში კი, ვინც გარედან მთავრობა დანიშნა, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ ამ ქვეყანაში განვითარდა.


2013 წლამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, მისი ეკონომიკა კი, 200 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ეს ქვეყანა ჩამოქცეულია. მისი ეკონომიკა კი ამდენი წლის შემდეგ, თვისობრივად შემცირებულია. ასევე, უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ათიათასობით ადამიანი კი დაიღუპა. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? - არავინ. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, საქართველოს დამოუკიდებლობაა, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობას სხვა ვერავინ აიღებს. ეს ყველაზე კარგად სწორედ უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა,“ განაცხადა კობახიძემ.