უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა შეტევა რუსეთის კრასნოდარის მხარეზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, იერიში განხორციელდა უკრაინული წარმოების რაკეტებით „ნეპტუნი" და უპილოტო საფრენი აპარატებით.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კრასნოდარის მხარის თავზე „გაანადგურეს" და „გზად დაიჭირეს" 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთი გემსაწინააღმდეგო რაკეტა.
31 მაისს გამთენიისას, კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ „მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევა“. ამასთან, კონდრატიევი ადასტურებდა დარტყმას ტემრიუკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც მისი ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა სამ ცისტერნას და დაშავდნენ ბაზის თანამშრომლები. რაკეტების შესახებ გუბერნატორს არაფერი უთქვამს.
კიევის დროით 11:00 საათისთვის, უკრაინის გენშტაბმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დღეს, 31 მაისს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში რამდენიმე რაკეტით დაარტყეს პორტ „კავკაზის“ ნავთობის ტერმინალს და საბორნე გადასასვლელს და უპილოტო საფრენი აპარატებით - რუსეთის ამ რეგიონში მდებარე კიდევ ერთ ნავთობტერმინალს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე დაადასტურა, რომ ერთი დღით ადრე, 30 მაისს, თავდაცვის ძალებმა ზუსტი დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანეს ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ ქერჩის საბორნე გადასასვლელის ბორნები, რომლებიც ქერჩსა და რუსეთის კრასნოდარის მხარის პორტ „კავკაზს“ შორის მოძრაობდნენ და საოკუპაციო ძალების სამხედრო ლოგისტიკას ემსახურებოდნენ.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული რაკეტების და დრონების წინაშე „უძლური აღმოჩნდა" და ვერ დაიცვა რუსული არმიის მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები.