უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს.
სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა დაუშვა, მაგრამ მისი თქმით, ასევე უნდა მოიხსნას შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე. მანამდე, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციაზე ამერიკული იარაღით დარტყმისთვის შეზღუდული ნებართვა მიიღეს. თეთრ სახლში განმარტეს, რომ ამერიკული იარაღით დარტყმის ნებართვა ვრცელდება არამხოლოდ ხარკოვის, არამედ სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიებზეც. ამავდროულად, ნებართვა არ ვრცელდება ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე.
"საკმარისია ეს“ (ნებართვა) არა. რატომ? იმიტომ, რომ მოგიყვანეთ აეროდრომების მაგალითი, საიდანაც რუსეთი ისვრის გამუდმებით, მშვიდად იცის რა, რომ უკრაინა არ უპასუხებს, რადგან არ აქვს შესაბამისი სისტემები და ნებართვა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აგრძელებს შორი მოქმედების არტილერიისა და დაახლოებით 300 იარაღის სისტემის გამოყენებას საზღვრის საკუთარ მხარეს უკრაინაზე თავდასხმისთვის.
„ასე რომ, მათ აქვთ ეს იარაღი და იციან, რომ უკრაინას არ შეუძლია მათკენ მიმართოს დასავლური იარაღი, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენს წინააღმდეგ ისვრიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.