,,საქართველო ესკალაციის სპირალის ხაფანგში“, - ამ სათაურით ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელის სტატია გამოქვეყნდა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე საქართველომ მშვიდობის მოპოვება ვერ შეძლო.
პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება კი, ამ ტენდენციის კიდევ ერთი ხაზი აღმოჩნდა.
ნეოლიბერალური პოლიტიკური ელიტისთვის პანდემიისგან დაზარალებული საზოგადოების საჭიროებები უინტერესოა. მათი ეგოიზმი ემხრობა არაფორმალურ სტრუქტურებს, რაც ქვეყნის მცოცავი ,,რუსიფიკაციისკენ" მიდის.
საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების" მესამედ გამარჯვებას, რომელიც მთელი რიგი დარღვევებითა და მანიპულაციებით ჩატარდა, ოპოზიციურმა პარტიებში არჩევნების შედეგების უარყოფა მოჰყვა.
უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, შვიდი სხვა პარტია, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და ,,ქართულ ოცნებას" არჩევნების ფართო მასშტაბით მანიპულირებით ჩატარებაში ადანაშაულებენ.
მთავარი ოპონენტების - ,,ქართული ოცნების" და ,,ნაციონალური მოძრაობის" რადიკალიზაცია უკვე თვეებია, რაც გრძელდება. მოთამაშეებმა, რომლებიც მზად იყვნენ კომპრომისებისთვის, მაგალითად ,,ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და ქვეყნის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დატოვეს თავიანთი პარტიები, ან სულაც გამოეთიშნენ პოლიტიკას.
პოლარიზაცია, როგორც მობილიზაცია
,,ქართულ ოცნებას" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ერთმანეთი სჭირდებათ როგორც მეტოქეებს, რადგან ამგვარად, ისინი საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციას ახერხებენ. ამ მხრივ, გასაკვირი არ იყო, რომ ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი პირველი ქმედება ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობა იქნებოდა. ამით ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩაგრულად და მმართველი პარტიის მსხვერპლად წარმოაჩინა.
არც ერთ მხარეს არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი, ან თუნდაც რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის გაკეთება. ისინი ზრუნავენ ძალაუფლებისკენ მიმავალ საკუთარ გზებზე.
ორივე მათგანი, შესაბამისი ძალაუფლების ქონის შემთხვევაში არ მოერიდებოდა ადმინისტრაციული რესურსის, სასამართლოების და უშიშროების სტრუქტურების გამოყენებას თავიანთი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ისევე, როგორც ძალაუფლების შენარჩუნების და პირადი გამდიდრების მიზნით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 9 ფიზიკურმა და 15 იურიდიულმა პირმა, რომლებიც 2019/20 წლებში „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველებს წარმოადგენდნენ, მოიპოვეს გამარჯვება გამარტივებული პროცედურებით ჩატარებულ სახელმწიფო ტენდერებში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, კულუარებში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახდენს პოლარიზაციას და ხელს უშლის კომპრომისებს.
ივანიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის თავს ანებებს პოლიტიკას. ამ ფონზე, კიდევ უფრო უცნაურად ჩანს ის ფაქტი, რომ არჩევნების შემდეგ ,,ქართულ ოცნებაში" და საქართველოს მთავრობაში საკვანძო პოზიციები ივანიშვილის ერთგულმა პირებმა დაიკავეს.
ახალმა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2013-2015 წლებში მთავრობის მეთაურად ყოფნის რანგში ორი ძირითადი მახასიათებელი გამოავლინა, ესენია აბსოლუტური ვასალური ერთგულება ივანიშვილის მიმართ და არანაირი ინტერესი ოპოზიციასთან კომპრომისისა. ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, თუ ივანიშვილთან კოორდინაციას არ მოახდენს.
ეგოიზმი, კორუფცია და არაფორმალობა
ის ფაქტი, რომ ძირითადად, ტურიზმსა და მომსახურების სექტორზე დამოკიდებულ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი განიცადა ქართულმა საზოგადოებამ, ეს ფაქტი კონკურენტ მხარეებს არ აწუხებთ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ადამიანთა თითქმის 20% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს არაფორმალურ სექტორში და პანდემიის პერიოდში არ მიუღია არანაირი სოციალური დახმარება.
,,ქართული ოცნებაც" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" ელიტის ინტერესებს იცავენ, რომლებმაც ქვეყნის მიწის პრივატეზება მოახდინეს და „ღვეზელის საუკეთესო ნაჭრებს იღებენ“ ყველაზე მაღალი საფასურის გადამხდელები.
პრემიერ-მინისტრი, გახარია გაზაფხულზე პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გამკლავებისთვის საზოგადოების მაღალ შეფასებასა და მოწონებას იმსახურებდა.
როდესაც ოპოზიციის ლიდერის დაკავებას შეეხო საქმე, გახარია წინააღმდეგი იყო და გარკვეული დამოუკიდებლობა გამოავლინა, როგორც პარტიული ხაზისგან, ასე ივანიშვილისგან.
ამის მიუხედავად, ,,ქართული ოცნების" და 1990-იან წლებში რუსეთში გამდიდრებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ მათ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება სურთ, დაუსაბუთებელია.
უდავოა, რომ ,,ქართული ოცნება" ცდილობდა, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები აეწყო, ვიდრე ამას მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში აკეთებდა და ამ მცდელობის შედეგად, მოსკოვთან არსებული დაძაბულობა გარკვეულწილად განიმუხტა კიდეც.
,,ოცნების" ხელისუფლებისას ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მიზანზე ოფიციალურად უარი არასოდეს თქმულა, ფაქტობრივად, საქართველოში 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობის შესახებ განცხადება მზადდება.
თუმცა, რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით, არის მზარდი კორუფცია და არაფორმალური სტრუქტურების გაძლიერება. ამასთან, მმართველი პარტია სულ უფრო მეტად ახდენს უშიშროების ორგანოების და სასამართლოების ინსტრუმენტალიზაციას პირადი ინტერესების რეალიზების მიზნით და ოპოზიციის წინააღმდეგ. უშიშროების სტრუქტურების და სასამართლოების მსგავსი ინსტრუმენტალიზაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროსაც არსებობდა, თუმცა იმჟამინდელი მმართველი პარტიის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებით მოქმედებდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის მიწურულს საქართველო, 100.000 მოსახლეზე საპატიმროებში მყოფ პირთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაში იყო.
,,მცოცავი რუსიფიკაცია” უფრო წარმატებული რეფორმების რღვევაა, ოფიციალური ინსტიტუტების შესუსტება არაფორმალური ინსტიტუტების სასარგებლოდ. შედეგად, იმ ფონზე, რომ ქვეყანას არ შეუცვლია თავისი გეოპოლიტიკური ორიენტირი, ,,ქართული ოცნების" და ქართული პოლიტიკური ელიტის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს სულ უფრო მეტად აშორებს ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.
პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობა
რაც საქართველოს აკლია, არის მესამე ძალა, რომელსაც შეუძლია, წარმოადგინოს სხვა პოლიტიკა, გარდა ამჟამინდელი წამყვანი პარტიების ელიტარული ჯგუფების ეგოიზმისა. გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობას ეს სურს. NDI / CRRC– ს მიერ 2020 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 30% არ უკავშირდება რომელიმე პარტიას.
იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოყალიბებული პარტია „ლელო“ და მისი დამფუძნებლი, მამუკა ხაზარაძე შეიძლება ყოფილიყო მესამე ძალა, სწრაფად გაიფანტა.
ხაზარაძემ, ბანკირმა და ბიზნესმენმა, თავდაპირველად შეძლო მრავალი ახალგაზრდა, პროგრესული და მემარცხენე მხარდამჭერების თავის პარტიაში აყვანა, თუმცა მალევე გახდა აშკარა, რომ ის ,,ქართული ოცნების" და ,,ნაციონალური მოძრაობის" ანალოგიურ პოლიტიკას გაატარებდა: ხაზარაძის მიერ განხორციელებული პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებული იყო მისი პირადი, ბიზნეს ინტერესების დაცვაზე, ამასთან, ყოფილი ბიზნესმენი შიდა პარტიულ დემოკრატიას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ვიდრე საქართველო ვერ შეძლებს, შექმნას ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობები, ძირეული საფუძვლებით, ბიზნეს ელიტა განაგრძობს ქვეყნის ბედის განსაზღვრას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
ამგვარი ვითარება ევროკავშირს ურთულებს მიმდინარე კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმართულებით მასშტაბური ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. ამგვარი რეფორმები, როგორც წარსულში, ისე დღესაც წინააღმდეგობაში მოდიან ელიტარული ჯგუფების დიდი ნაწილის ინტერესებთან. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან დომინანტურ ნარატივს წარმოადგენდა ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
აშშ და ევროკავშირი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდნენ საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისშიც, ესენი არიან აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომლებიც ცდილობენ, იყვნენ შუამავლები დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
ამასთან, აშშ და ევროკავშირი საქართველოში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. დღესაც, არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ისევ და ისევ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ცდილობენ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციას.
ამასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პირველად გავხდით დასავლელი მოთამაშეების მიმართ მათი აქტივობების და ჩარევის გამო გამოთქმული კრიტიკის მოწმენი. ბიძინა ივანიშვილი, იმ დროს ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უკვე 2019 წლის ნოემბერში აკრიტიკებდა ამერიკულ ინსტიტუტებს, როგორებიცაა NDI და IRI, სდებდა რა მათ ბრალს მიკერძოებულობაში იმ მოტივით, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ინტერესების საზიანოდ გამოკითხვების მცდარი შედეგების ტირაჟირებას ახდენდნენ.
დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ქართველი პოლიტიკოსები დასავლელ პარტნიორებს, ერთი მხრივ, მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ, მეორე მხრივ კი, მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს, როგორც კი, ეს მხარდაჭერა შეუსაბამობაში მოდის მათ კერძო, ძალაუფლებრივ ინტერესებთან. შედეგად, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები ამასობაში თვითონაც გადაიქცნენ შიდა ესკალაციის სპირალის შემადგენელ ნაწილად ისე, რომ მათ არ შესწევთ აღნიშნული სპირალის გაწყვეტის უნარი. ალტერნატიული ძალის გარეშე ხელახალი არჩევნების ჩატარებაც ვერ შეძლებდა ხსენებული პოლარიზაციის აღმოფხვრას.
უფრო მეტი ევროკავშირი
ამავდროულად, ევროკავშირიც სულ უფრო მეტად კარგავს თავის ტრანსფორმაციულ ძალას. აღნიშნული გამოწვეულია, როგორც ევროკავშირის შიდა კრიზისით, ისე ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში წარმოქმნილი კრიზისით, რასაც ემატება ევროკავშირის მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროს მოთამაშის როლზე უარის თქმა იმ რეგიონში, სადაც უსაფრთხოება საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს.
მთიანი ყარაბაღის მეორე ომისგან ევროკავშირის და აშშ-ის დისტანცირება სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ კონსტელაციაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას იქონიებს. რეგიონის სამივე სახელმწიფომ დაინახა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკურ კრიზისში არ უნდა ჰქონდეთ არც ვაშინგტონის და არც ბრიუსელის იმედი. ეს ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა სომხეთის და აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოებებისთვის.
„რუსი სამშვიდობო ჯარების“ განთავსება უკვე აზერბაიჯანშიც - სამხრეთ კავკასიის ერთადერთ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც მანამდე რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ, ისევე, როგორც ხსენებულ ომში თურქეთის ჩარევა, ხელს შეუწყობს სამივე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს უფრო მეტ ფოკუსირებას რუსეთის ფედერაციასა და თურქეთზე.
სამეზობლო პოლიტიკას ბოლოსდაბოლოს უნდა დაემატოს უსაფრთხოების პოლიტიკის უფრო მძლავრი შემადგენელი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში უშიშროების სტრუქტურების რეფორმირებას და, ამავდროულად, რეგიონალური კონფლიქტების კონტექსტში შესაძლებელს გახდის ევროკავშირის უფრო აქტიურ პოლიტიკურ, მედიაციურ ჩართულობას.
ამგვარი მიდგომის ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს ევროკავშირის მზაობა, გააძლიეროს კონფლიქტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მრავალმხრივი პლატფორმები, შექმნას სამშვიდობო მისიები და გადახედოს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის როლს.
გარდა ამისა, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში რეალიზებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიაში უნდა მოხდეს ევროკავშირის პოლიტიკის ისეთი ელემენტების ინტეგრირება, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების ხელშეწყობა და ეკონომიკური ინვესტიციები.
ამავდროულად უნდა მოხდეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის უფრო ქმედუნარიანი ინსტრუმენტებით შევსება. ამ ყველაფერთან ერთად ევროკავშირმა საქართველოს უნდა შესთავაზოს გაწევრიანების პერსპექტივა, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სიტუაცია იქნება ამ თვალსაზრისით 10-15 წლის შემდეგ. საქართველოს სჭირდება კომპასი, რომლის მიცემაც ქვეყნისთვის გარედან ნაწილობრივ ევროკავშირს შეუძლია. თუმცა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ცვლილებების და რეალური ალტერნატივების არსებობის გარეშე ესკალაციის სპირალი ერთი და იმავე ღერძის გარშემო ბრუნვას მომავალშიც განაგრძობს.