საქართველოში ჩამოსვლაზე მიღებული უარის გასაჩივრებისთვის, აფგან მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც აზარბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი წერს, მას ისევ არ ეძლევა საქართველოში ჩასვლის და ჩვენების მიცემის შესაძლებლობა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მას საქართველოში ჩასვლა სურს, რომ ჩვენება მისცეს პროკურატურის გამომძიებლებს და აჩვენოს მარშრუტი, რომლითაც საქართველოდან აზერბაიჯანში წაიყვანეს. მისი თქმით, მას როგორც დაზარალებულს, ამის უფლება აქვს.
"ციხეში ყოფნისას, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ საბაბი, რომ აზერბაიჯანმა არ მისცა მათ ჩემი დაკითხვის უფლება. დაახლოებით ერთი წელია თავისუფალი ვარ და საქართველოს ხელისუფლება საქართველოში ჩემს ვიზიტს ხელს უშლის. ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ჩემი ვიზიტი საეჭვო იყო და პოლიტიკურ დაპირისპირებას დაუკავშირა. სისულელეა! არჩევნები დასრულდა. რა არის შემდეგი საბაბი? თუ საქართველოს ხელისუფლება არ არის თანამონაწილე ჩემი გატაცების საქმეში, მათ უნდა გამიშვან, რომ თბილისში ჩამოვიდე შესაბამისი გამოძიებისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემს გატაცებაში საქართველოს მთავრობამ მონაწილეობა მიიღო", - წერს ჟურნალისტი.