აშშ მექსიკიდან მიგრანტების მიღებას შეამცირებს

აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შეიძლება, სწრაფად დაადეპორტონ, ან მექსიკაში დააბრუნონ. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს.


შემზღუდავი ზომები იმოქმედებს სამხრეთის საზღვრის გადატვირთვის შემთხვევებში, როცა მიგრანტების რაოდენობა გადააჭარბებს შესაბამისი სამსახურების შესაძლებლობებს, დროულად მიიღონ საჭირო ზომები. ასეთ დროს მათ მიგრანტების სწრაფად დეპორტაციის უფლება ექნებათ. გამონაკლისი შეეხება ბავშვებს, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე კვეთენ, ადამიანებს, რომლებსაც ემუქრებათ სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან. აკრძალვა შეჩერდება, როდესაც საზღვარზე დაკავების მაჩვენებელი სამი კვირის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1 500 შემთხვევამდე შემცირდება.


„ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი პროცესში. ეს აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვასაც ჩვენი სისტემა შეძლებს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.

2023 წლის დეკემბერში მიგრანტების რიცხვმა სარეკორდო მაჩვენებელს - დღეში 10 000-ს მიაღწია. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო დროს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად აკავებენ 4000-მდე მიგრანტს.


პრობლემის დაძლევა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჯო ბაიდენმა მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე გადაწყვიტა. მიგრანტებისადმი მკაცრი პოლიტიკით ცნობილია ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენის განკარგულება რეალურად არაფერს ცვლის. მოელიან, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია.