ამერიკის შეერთებული შტატები სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოაცხადებს ახალი, 225 მილიონი დოლარის იარაღების პაკეტს უკრაინისთვის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უახლესი პაკეტის დეტალები გავრცელდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს ხუთშაბათს, საფრანგეთში.
„ნორმანდიაში ბაიდენს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის და მასთან უკრაინაში არსებული მდგომარეობა და ასევე ის საკითხი განიხილოს, როგორ გავაღრმავოთ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა. რამდენიმე დღეში მას ასევე ექნება შესაძლებლობა, კვლავ შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში,“ - აღნიშნავდნენ თეთრ სახლში მანამდე.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისიებებზე დასასწრებად ჩადიან. ასევე ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში მიიღებს.