ბაიდენი: პუტინი დიქტატორია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში, მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას, პირდაპირი პარალელები გაავლო ნაცისტურ გერმანიასა და იმ საფრთხეებს შორის, რომლის წინაშეც დღეს დასავლური დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დგანან. ბაიდენმა უკრაინაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბატონობისკენ მიდრეკილი ტირანი შეიჭრა.


„უკრაინელები არაჩვეულებრივი სიმამაცით იბრძვიან, დიდ დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ უკან არასდროს იხევენ. შეერთებული შტატები და ნატო და 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ და ამით არ დასრულდება. უკრაინის მეზობლებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. მთელ ევროპას საფრთხე დაემუქრება. ნუ დავუშვებთ შეცდომას, მსოფლიოს ავტოკრატები ყურადღებით აკვირდებიან, რომ ნახონ რა მოხდება უკრაინაში. ნახონ, გავუწევთ თუ არა ამ უკანონო აგრესიას წინააღმდეგობას. ამას ვერ დავუშვებთ. მოძალადეების წინაშე კაპიტულაცია, დიქტატორების წინაშე ქედის მოხრა უბრალოდ წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა ბაიდენმა.


მისი თქმით, აგრესია და სიხარბე, ბატონობისა და კონტროლის სურვილი, საზღვრების ძალით შეცვლა - ეს მრავალწლიანია, ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის დაუსრულებელია.


ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, აშფოთებს თუ არა მას პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე გამოყენებისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდება ომში პირდაპირ ჩართულობას ნიშნავს.


“მას [პუტინს] 40 წელზე მეტია რაც ვიცნობ. 40 წელზე მეტია, რაც მაშფოთებს. ის წესიერი ადამიანი არ არის. ის დიქტატორია.

იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ იარაღი გადავცეთ [უკრაინას] მოსკოვზე დარტყმისთვის, კრემლზე დარტყმისთვის… მხოლოდ საზღვრის იქითა მხარეს, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შეჭრისთვისა და უკრაინელების მკვლელობისთვის,” - განაცხადა ბაიდენმა.

გარდა ამისა, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომ „ამერიკული იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ იძლევიან.“