სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი, იარაღის ფლობის სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნო სამივე ბრალდებაში იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ კანონებზე, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას უკრძალავს. ჰანტერ ბაიდენის გასამართლება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი ოჯახის წევრი დამნაშავედ იქნა ცნობილი მაშინ, როდესაც მისი მშობელი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, თუმცა ჰანტერ ბაიდენის დანაშაულები ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო პერიოდის დაწყებამდე იქნა ჩადენილი.


ჰანტერ ბაიდენს ციხეში 25 წლამდე პატიმრობა და 750 000 აშშ დოლარის ჯარიმა ელის, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას მაქსიმალურზე ნაკლები პატიმრობა მიესჯება, ვინაიდან, ეს მისი პირველი დანაშაულია.


ჰანტერ ბაიდენის მამამ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა სასამართლოს განაჩენზე.

„როგორც გასულ კვირას ვთქვი, ამ პროცესის შედეგს მივიღებ და გავაგრძელებ სასამართლო პროცესის პატივისცემას იმ პერიოდში, როდესაც ჰანტერი გასაჩივრებას განიხილავს. ჯილი [ბაიდენის მეუღლე] და მე ყოველთვის სიყვარულითა და მხარდაჭერით გვერდში დავუდგებით ჰანტერს და ჩვენს დანარჩენ ოჯახს. არაფერი არასდროს არ შეცვლის ამას,” - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აქამდე, 6 ივნისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის საკუთარ შვილს არ შეიწყალებდა.