მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის შესახებ მშვიდობის სამიტის კომუნიკეს მხარს უჭერს

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ გადაწყვიტა, უკრაინის შესახებ მშვიდობის სამიტის კომუნიკეზე ხელმომწერებს შეუერთდეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ვებგვერდზე მითითებულია, რომ მსოფლიო საპატრიარქო ერთობლივი კომუნიკეს მხარდამჭერ ქვეყნების სიაში მოხვდა. მანამდე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო გლობალურ სამიტში მონაწილეობა დაადასტურა.


მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეს მხარს უჭერს კონფერენციაში მონაწილე 91 სახელმწიფოდან - 80. მათ შორის არიან აშშ, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, იაპონია, ავსტრალია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები. მსხვილმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შვეიცარიაში, კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს. ამის მიზეზად, პირველ რიგში, მათ მოიყვანეს სამშვიდობო ინიციატივების განხილვისას რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობა.