სტოლტენბერგი: ჩინეთმა რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერისთვის ფასი უნდა გადაიხადოს

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და ამავდროულად, ცდილობს, შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან.


„ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა BBC -სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს უზიარებს უამრავ ტექნოლოგიას, როგორიცაა, მიკროელექტრონიკა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთისთვის რაკეტების, იარაღის შესაქმნელად, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

„რაღაც ეტაპზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ რაიმე სახის ეკონომიკური ფასი, თუ ჩინეთი არ შეცვლის თავის ქცევას," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


შეგახსენებთ, პეკინს უკვე დაუწესეს გარკვეული სანქციები რუსეთის მხარდაჭერისთვის - გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა შეზღუდვები, რომლის სამიზნე დაახლოებით 20 კომპანიაა. ჩინეთი მუდმივად ირწმუნება, რომ რუსეთი მისგან ლეტალურ იარაღს არ ყიდულობს და რომ ის სიფრთხილით ახორციელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სი ძინპინმა მას განუცხადა, რომ რუსეთს იარაღს არ მიჰყიდის.

როგორც ცნობილია, წელს თავდაცვაზე მშპ-ის სულ მცირე 2%-ს NATO-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს.

„შემიძლია, განვაცხადო, რომ წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს NATO-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს. ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავდაცვის ხარჯების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის მთავარი თემა იქნება.