აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის ე.წ. სამშვიდობო გეგმაზე: საღ აზრს ეწინააღმდეგება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის ე.წ. „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა.


„კიდევ ერთი მაქსიმალისტური განცხადება, რომელიც უკრაინას მოუწოდებს, დათმოს უფრო მეტი სუვერენული ტერიტორიები, ვიდრე რუსეთს ამჟამად, მოლაპარაკებების დაწყებამდე აქვს ოკუპირებული. პრეზიდენტმა პუტინმა მოსთხოვა უკრაინას, განიარაღებაზე დათანხმდეს, რათა ის დაუცველი იყოს რუსეთის მომავალი აგრესიისგან. ვერც ერთი პასუხისმგებელი ერი ვერ იტყვის, რომ ეს მშვიდობის გონივრული საფუძველია. ის ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. ის ეწინააღმდეგება ძირითად მორალს. ის ეწინააღმდეგება ძირითად საღ აზრს. აშკარაა, რომ რუსეთი არ არის მზად რაიმე სერიოზული, კეთილსინდისიერი დისკუსიისთვის. რუსეთის ქმედებები ამას განსაკუთრებით ნათელს ხდის, რადგან ის აგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, ემუქრება გემებს შავ ზღვაში და იძულებით გადააადგილებს ათიათასობით უკრაინელ ბავშვს,“ - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.


შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წამოაყენა, რომლის თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას.