სტოლტენბერგი პუტინს: უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა გავიდნენ უკრაინის ოთხი რეგიონის მთელი ტერიტორიიდან და კიევმა უნდა განაცხადოს, რომ NATO-ში გაწევრიანებას არ გეგმავს.


ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის საქმე არ არის ჯარების საკუთარი ტერიტორიიდან გაყვანა, ეს არის რუსეთი, რომელმაც უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან. მანვე განმარტა, რომ NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.


"ეს არ არის უკრაინის წინადადება. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს წინადადება არ არის კეთილსინდისიერი და რეალურად ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს. ასე რომ, ეს არ არის სამშვიდობო წინადადება. ეს არის მეტი აგრესიის, მეტი ოკუპაციის წინადადება. და ეს ერთგვარად აჩვენებს, რომ რუსეთის მიზანია უკრაინის კონტროლი და ეს იყო რუსეთის მიზანი ომის დაწყებიდან. და ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ეს ასევე არის მიზეზი იმისა, რომ NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას,“ ამბობს სტოლტენბერგი.