აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში.
ბლინკენი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღსა და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად.
„ირანი აწვდის იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთის გამო, არა შეიარაღების მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ აწვდიან რუსეთს იმას, რაც კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება, რათა თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები,“ – განაცხადა ბლინკენმა.
მისივე შეფასებით, სწორედ ეს არის, რაც ომის გაგრძელებას ეხმარება. მისივე თქმით, ომის დასრულების სწრაფი გზაა პუტინი გამოვიდეს ილუზიიდან, თითქოს შეუძლია, გაუძლოს უკრაინაში ომს. ასევე, ისიც, რომ საწვავი, რომელიც მას სჭირდება ომი მანქანისთვის, აღარ ექნება.
„ასე რომ, თუ ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ ომის დასრულების დიდი ინტერესი აქვს, თუ ამას გულწრფელად ფიქრობს, მაშინ შეწყვეტს ომის მანქანისთვის საწვავის მიწოდებას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვეძლება, რათა აღვკვეთოთ ისეთი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა არიან,“ – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
პუტინი ჩრდილოეთ კორეას მეორედ სტუმრობს. პირველად რუსეთის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულზე 2000 წელს ჩავიდა.