ვაზიანის პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება - „შამქორი 2024“ საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების სინქრონიზებულ მოქმედებას, მოსალოდნელ საფრთხეზე მყისიერ რეაგირებასა და ამოცანების შესრულებას.
საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. „შამქორი 2024“-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კრწანისში, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების (JTEC) ერთობლივი ცენტრის სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მიმდინარეობდა. მასში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული.
„შამქორი 2024“ მიზნად ისახავდა თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ოპერაციების ერთობლივ დაგეგმვას, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას კოორდინირებულ და სინქრონიზებულ მოქმედებებს. ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.