წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.


საქმეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ჯერ უცნობია, გამოიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეზე.

შეგახსენებთ, სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილი უწყლოდ დარჩა. ამჟამად მომხმარებლების ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდება. რაც შეეხება აღდგენით სამუშაოს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მილის სრულად აღდგენას კიდევ 6 დღე სჭირდება.