აზერბაიჯანის მოთხოვნის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განკარგულება გასცა, შემუშავდეს ახალი კონსტიტუცია. ბაქოს სურს, სომხეთის კონსტიტუციიდან ამოიღონ ფრაზა, რომელიც ეხება მთიანი ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანებას.
ამ გადაწყვეტილებამდე 2022 წელს შექმნილი საკონსტიტუციო რეფორმის საბჭო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ამუშავებდა. კონცეფციის წინასწარი ვერსია მთავრობას მიმდინარე წლის იანვარში გაეგზავნა. ახლა ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის შემუშავებას ავალებს. გადაწყვეტილებაში გარკვევით წერია, რომ „კონსტიტუციაში ცვლილებების“ ნაცვლად, ფორმულირება - „ახალი კონსტიტუცია“ დაიწეროს.
რას ნიშნავს ეს, უარს ამბობენ საწყის ვერსიაზე და წერენ სრულიად ახალ პროექტს?
საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს წევრი არტურ საქუნცი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს შეიტყო. გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით ერთი თვე გავიდა, თუმცა, საქუნცის თქმით, საკითხი საბჭოში ჯერ არ განხილულა. პრემიერის გადაწყვეტილებაზე მთავრობის წარმომადგენლები ამ პერიოდში საჯაროდ არ საუბრობდნენ.
ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს ვადა 2026 წლის 30 დეკემბრამდე მისცა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერევნისგან კონსტიტუციის შეცვლა მოითხოვა და ეს სამშვიდობო შეთანხმების მთავარ პირობად დაასახელა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ალიევის განმარტებით, თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.
ალიევმა მიუთითა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც.
„გარდა ამისა, სომხეთის სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში ასევე არის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, ბევრ კონვენციაში, რომელსაც შეუერთდა სომხეთი და სხვა დოკუმენტებში არის მრავალი დათქმა, რომელიც არ ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ყარაბაღზე,“ - განაცხადა ალიევმა.
მანამდე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. სომხეთის კონსტიტუცია, კერძოდ, შეიცავს მითითებას სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ დადგენილებაზე. პრობლემურად განიხილება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების შუიდან მთიან ყარაბაღს სომხური ძალები აკონტროლებდნენ. რეგიონზე აზერბაიჯანის კონტროლის აღდგენის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის მკვიდრმა ათიათასობით ეთნიკურმა სომეხმა დატოვა საცხოვრებელი და სომხეთს შეაფარა თავი.