NATO-ს 32-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე, წერს Politico. მარკ რუტე ალიანსის მოქმედ ხელმძღვანელს, ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს შეცვლის. ოფიციალური დანიშვნა სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება. ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ სლოვაკეთი და უნგრეთი. მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს დაამტკიცეს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რამდენიმე თვის განმავლობაში არ თანხმდებოდა რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერას, მაგრამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ ბუდაპეშტი შეძლებს, უარი განაცხადოს უკრაინის მხარდასაჭერად NATO-ს საქმიანობაში მონაწილეობაზე. თავად ორბანმა მოგვიანებით დაადასტურა სტოლტენბერგთან ადრე მიღწეული შეთანხმებები და იმედი გამოთქვა, რომ რუტე გააგრძელებს ასეთ პოლიტიკას. ბრატისლავის მხარდაჭერა რუტემ უზრუნველყო დაპირებით, რომ NATO სლოვაკეთს მისი საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმარება, ვიდრე ის საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდის.
რუტეს გარდა პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის.
NATO-ს ახალი ხელმძღვანელი თავისი მოვალეობის შესრულებას 2 ოქტომბერს შეუდგება. მისი მთავარი ამოცანა იქნება სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. Politico წერს, რომ ნიდერლანდებმა ამ მიზანს მხოლოდ წელს მიაღწია, თუმცა ასეთი მიზნის მიღწევაზე დაპირება 10 წლის წინ გაკეთდა. NATO-ს შეფასებით, ორგანიზაციის 32 ქვეყნიდან 23-მა მიაღწია სამხედრო ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს.